როცა გაზაფხულის სიცოცხლით სავსე და ნაზ ყვავილებზე ფიქრობ, პირველი, რაც გახსენდება, ალბათ ტიტაა. ტიტამ მებაღეობის მოყვარულთა გულები მთელ მსოფლიოში დიდი ხნის წინ დაიპყრო და ეს არც არის გასაკვირი. ამ ბლოგში მოგიყვებით ტიტების ისტორიას, მისი მოვლის წესებს, წარმოგიდგენთ სხვადასხვა სახეობებს და მათ დანიშნულებას.
ტიტების ისტორია
ტიტების წარმოშობას ცენტრალური აზიის მთიან რეგიონებს უკავშირებენ, უფრო კონკრეტულად პამირისა და ტიან-შანის რეგიონებს. მიიჩნევა, რომ აქ ველური ტიტების სახეობები 10-20 მილიონი წლის წინ გაჩნდა. ტიტების კულტივაცია კი ირანში დაიწყო, დაახლოებით მე-10 საუკუნეში. ადრეული ჯიშები სავარაუდოდ აღმოცენდა ბაღებში სხვა ველურ მცენარეებთან ჰიბრიდიზაციის შედეგად, რასაც მებაღეები სავარაუდოდ ზომის ან გამძლეობის გასაუმჯობესებლად მიმართავდნენ.
სპარსულ პოეზიასა და ხელოვნებაში ტიტას სხვადასხვა მნიშვნელობა ენიჭებოდა, ხშირად გამოხატავდა სიუხვესა და სრულყოფილ შეყვარებულს. სპარსული ფოლკლორის მე-6 საუკუნით დათარიღებულ ერთ-ერთ ეგზოტიკურ ამბავში ნათქვამია, რომ ტიტები აღმოცენდა ფარჰადისა და შირინის სისხლისაგან, რომლებთაც უყვარდათ ერთმანეთი მაგრამ ბედისწერამ მათ ერთად ყოფნა არ არგუნა. ეს ამბავი მოგვაგონებს რომეოსა და ჯულიეტას ისტორიას და ჩვენ მათ ქვემოთ მოგიყვებით:
ქვის მჭრელ ფარჰადს უყვარდა პრინცესა შირინი და სურდა მისი გულის მოგება. პრინცესამ ეს შეიტყო და არც ენახვებოდა ფარჰადს, რა უნდოდა პრინცესას უბრალო ქვის მჭრელთან?! ფარჰადი ავიდა მთაზე თავისი ფლეიტით და პრინცესა შირინის სადიდებლად მშვენიერი მუსიკა შეასრულა, თუმცა უშედეგოდ. უპასუხო სიყვარულით დატანჯული ფარჰადი შიმშილობდა და მალე სოფლელებმა ის მთელი ქალაქის სალაპარაკო გახადეს. მათ შეეცოდათ ქვის მჭრელი და გადაწყვიტეს მისი პრინცესასთან შეხვედრა მოეწყოთ. პრინცესა შირინი მისმა მოახლე ქალმა ტყეში მიიყვანა, სადაც მან ფარჰადის მუსიკა მოისმინა და შეუყვარდა.