ფლორისტიკაში ახალ წელთან ყველაზე მეტად მცენარე პუანცეტია ასოცირდება. პუანცეტია, იგივე საშობაო ყვავილი,თავისი წითელი და მწვანე ფოთლებით შეეფერება საახლწლო მორთულობას და იდეალურად გადმოსცემს საშობაო განწყობას. უკვე მრავალი წელია ეს მცენარე ასოცირდება ზამთრის დღესასწაულებთან.
პუანცეტიას სამშობლოა მექსიკა და ცენტრალური ამერიკა. შეერთებული შტატების პირველი ელჩი მექსიკაში ვიზიტის დროს ისე მოხიბლა ამ მცენარის გამორჩეულმა ფერმა, რომ მისი მოშენება გადაწყვიტა. მალე ამ მცენარით მისი მეგობარი ბიოლოგებიც დაინტერესდნენ და დაიწყეს საშობაო ყვავილის მცენარის ფართო მოშენება. მიუხედავად ამ ყვავილის დადებითი ასოციაციებისა არ უნდა დაგვავიწყდეს მისი ტოქსიკურობის შესახებ. პუანცეტიას რძისგვარმა წვენმა ნაზ კანზე მოხვედრისას შეიძლება მცირე გაღიზიანება გამოიწვიოს. ამიტომ სასურველია ბავშვები და შინაური ცხოველები მოვარიდოთ ამ მცენარესთან ურთიერთქმედებას. საშობაო ყვავილის მსუბუქი ტოქსიკურობის მიუხედავად, ის მაინც ასოცირდება ახალ წელთან და უდავოდ იდეალური დეკორია დღესასწაულებისთვის.
პუანტეციას არ უყვარს სუსხი, ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება, ხარობს ტენიან გარემოში. იდეალური ტემპერატურა ამ მცენარისთვის - 18-24°C - ია. შეგიძლიათ მოათავსოთ განათებულ ოთახში არაპირდაპირი მზის სხივების ქვეშ. მორწყვისას უნდა გაითვალისწინოთ რომ ამ ყვავილს უყვარს ზომიერება. მცენარის ნიადაგი უნდა იყოს ტენიანი და არა - სველი. მიწის ზედაპირის გამოშრობის შემთხვევაში დაამატეთ ოდავ მეტი წყალი (დაახლ. 60-65 მლ) ვიდრე ჩვეულებრივი მორწყვის დროს ამატებთ.
პუანტეცია ყვავილობს ზამთრის პერიოდში. ყვავილობის დასრულების შემდეგ ის კარგავს ფოთლებს, არ გეგონოთ რომ აქ საშობაო ყვავილი სიცოცხლეს ასრულებს, როდესაც მცენარე ჩაიყვავილებს დაამოკლეთ დარჩენილი ღეროები, მალე მცენარე ახალ ფოთლებს გამოიღებს. გაახლებულ მცენარეს ექნება მხოლოდ მწვანე ფოთლები. თუ გინდათ რომ თქვენი მცენარე კვლავ კვლავ „შეიღებოს“, უნდა მოათავსოთ მცენარე ბნელ ოთახში, კარადაში, ნებისმიერ სივრცეში სადაც მზის სხივი არ მოხვდება. ამ მცენარის „ფერადობა“ პირდაპირ დამოკიდებულია ფოტოსინთეზის პროცესზე, მზის სხივების ნაკლებობის გამო საშობაო ყვავილის ზედა ფოთლები დაკარგავს პირვანდელ სიმწვანეს და კვლავ წითლად ან ვარდისფრად შეიღებება. ერთი სიტყვით, საშობაო მცენარე არა მარტო თავისი შეფერილობით უხდება საახალწლო გარემოს, არამედ თავისი ამ პატარა თავისებურებით შობის დღის სახე-სიმბოლოცაა