ფლორისტიკის უზარმაზარ სამყაროში, ზოგიერთი ყვავილი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს თავისი დელიკატურობითა და მარადიული ელეგანტურობით, სწორედ ერთ-ერთი მათგანია ეუსტომაც, ასევე ცნობილი როგორც ლიზიანტუსი. ეს ყვავილი განსხვავებული სილამაზის გარდა გამოირჩევა თავისი სიმბოლიზმით, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს სამკურნალო თვისებებით და მისი მნიშვნელობით სხვადასხვა კულტურაში. ლიზიანტუსის სახელი ბერძნულად იშიფრება როგორც ,,დაშლილი ყვავილი“, რადგან ,,ლიზისი“ ნიშნავს დაშლას, ,,ანტუსი“ კი ყვავილს.
გარეგნულად ეუსტომა გავს ვარდს, თავისი რამდენიმე შრიანი ფურცლების განლაგებით, ამიტომ არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ზოგჯერ ამ ყვავილს ეძახიან - ფრანგულ ვარდს.
მითოლოგია:
ჩინურ მითოლოგიაში, ეუსტომა ხშირად მოიაზრებოდა უკვდავების სიმბოლოდ, ის ასოცირდებოდა ზეციურ ცხოვრებასთან და მარადიული სასუფევლის დამკვიდრებასთან. შესაბამისად, თანამედროვე სამყაროშიც, ამ ყვავილს, განსაკუთრებით კი თეთრ ეუსტომებს ხშირად შეხვდებით სამგლოვიარო კომპოზიციებში თუ თაიგულებში.
ამავდროულად, ინდიელების ტომის ფოლკლორში ნახსენებია, რომ ეს ყვავილი გამოიყენებოდა გამოსაჯანმრთელებელ რიტუალებში, რადგან ლიზიანტუსი მათთვის ასოცირდებოდა ბუნების და სულიერი სამყაროს უხილავ ძალასთან.
ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ლიზიანტუსის ყვავილი ღვთაებრივი სიყვარულის სიმბოლოდ ითვლებოდა. ამბობდნენ, რომ ზევსის ცოლი, ქალღმერთი აფროდიტე, მას იყენებდა თავისი საყვარლების გულის მოსაგებად.
მიუხედავად ნაზი ვიზუალისა და სიფრიფანა ფურცლებისა, იაპონურ ფოლკლორში, ეუსტომის ყვავილი, სამურაის სასტიკი და ძლიერი სულის გამოხატულებად ითვლებოდა.
ყვავილების ენა:
ვიქტორიანულ ეპოქაში, მაშინ როდესაც ევროპაში უამრავი რამ აკრძალული იყო და საკუთარი აზრის ხმამაღლა დაფიქსირება საშიში, ყვავილებს ხშირად იყენებდნენ ემოციებისა და გრძნობების გადმოსაცემად. ყვავილების ენაზე, ლიზიანტუსი გადმოსცემს მადლიერებას, დაფასებას, ქარიზმას და სიძლიერეს. თავისი დატვირთვის გამო მას ახლაც ხშირად იყენებენ წრფელი გრძნობების და ჭეშმარიტი მადლიერების გამოსახატად.
ფერთა გამა:
ლიზიანტუსი გვხვდება უამრავი ფერისა თუ ფორმის, დაწყებული ფითქინა თეთრი ეუსტომებიდან, გაგრძელებული მეწამული ფერით. მისი ფურცლები შეიძლება იყოს განლაგებული ერთ, ორ ან ზოგჯერ სამ რიგადაც კი. ზოგჯერ ისინი სწორია, ზოგჯერ კი დახრილი ან ხუჭუჭა. რაც თითოეულ ყვავილს ხელოვნების ნიმუშად აქცევს. ამასთან ერთად თითოეულ ფერს თავისი დატვირთვა აქვს:
- ყვითელი ეუსტომა - გამოხატავს ბედნიერებას და პოზიტივს, რაც იდეალური არჩევანია თუ თქვენ გსურთ გაახაროთ მეგობარი. თავისი თბილი შესახედაობითა და ტონალობით, იგი ნამდვილად დაამშვენებს თქვენი თუ თქვენი ახლობლების სახლს.
- იასამნისფერი ლიზიანტუსი - ასოცირდება სილამაზესთან, სიმდიდრესთან და კეთილშობილებასთან. ეს ყვავილი იდეალური არჩევანია თქვენი საქორწილო გაფორმებისთვის, რადგან ჰარმონიას ქმნის ტრადიციულ ქორწილის ფერებთან, როგორიცაა თეთრი.
- ვარდისფერი ეუსტომა - არის სიყვარულის და რომანტიკის სიმბოლო. მათ შეუძლიათ გადმოსცენ თქვენი სათუთი გრძნობები პარტნიორის მიმართ, შესაბამისად ისინი იდეალური საჩუქარია ვალენტინობის დღისთვის.
- მწვანე ლიზიანტუსი - ეს ულამაზესი ყვავილი ხშირად მოიხსენება როგორც ფულის, სიმდიდრის და ჯანმრთელობის სიმბოლო. რაც იმას ნიშნავს რომ ისინი იდეალური საჩუქარია თითქმის ყველასთვის. არსებობს ცრურწმენაც რომ თუ სახლში ლარნაკით დადგამთ მწვანე ეუსტომებს და მათ თავებს შეაბრუნებთ ჩრდილოეთისკენ, სამყარო თავად გამოგიგზავნით ჯანმრთელობასაც და სიმდიდრესაც.
- თეთრი ეუსტომა - როგორც იქნა, ახლა უნდა ვისაუბროთ, ლიზიანტუსებიდან ყველაზე ფაქიზსა და ნაზზე. ეს ყვავილი ყველაზე ხშირად ასოცირდება უდანაშაულობასთან, სიწმინდესთან და პატივისცემასთან. თავისი მნიშვნელობის გამო მას ხშირად იყენებენ საქორწილო გაფორმებასა და საქორწილო თაიგულებში, რათა ხაზი გაუსვან მომავალი მეუღლეების კავშირის სიწმინდესა და მათ შორის არსებული გრძნობების გულწრფელობას.
დასასრულს, შეიძლება ითქვას რომ, ლიზიანტუსი თავისი მომხიბლავი, ნაზი ყვავილითა და ფერების დიდი დიაპაზონით, წარმოადგენს მარადიული სილამაზის და ღრმა ემოციების სიმბოლოს. იქნება ეს სამგლოვიარო კომპოზიციები, საქორწილო გაფორმება, ვალენტინობის საჩუქარი თუ პატარძლის თაიგული, ეუსტომა დაგეხმარებათ მარტივად გამოსცეთ თქვენი ჭეშმარიტი გრძნობები საყვარელი ადამიანების მიმართ.